ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდება

ხიდაშელთან შეხვედრის მოსამზადებლად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ამჯერად სოფელ წინუბანს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თინა ხიდაშელმა დუისში 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ წინუბანს აუცილებლად ესტუმრებოდა, მანამდე კი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიდნენ. ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და თინათინ ხიდაშელის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში იმედა დარსალია სოფელ წინუბნის მოსახლეობის პრობლემებს ისმენდნენ და მათ შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
„ჩვენ ადგილზე გავეცანით სოფელში არსებულ სიტუაციას, მოვინიშნეთ არსებული პრობლემები და მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხები. თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, რომელიც მალე დაიგეგმება, სწორედ კონკრეტული პრობლემების მოგვარებზე იქნება ორიენტირებული. მიმდინარე წლის 10 იანვარს პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კარი ყველასთვის ღიაა და ხეობის ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ჩვენთან საუბრისას სოფელ წინუბნის ახალგაზრდებს შეკითხვები და მოსაზრებები, სწორედ, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საკითხზე ჰქონდათ“, – განაცხადა გიორგი მოლოდინმა.