ახალი ამბები

კახეთში ბოლო კვირაში გრიპის 495 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში გრიპის მაჩვენებელი არცთუ მაღალია. მისივე განცხადებით, ბოლო 2 კვირის მანძილზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ექიმთან მიმართვიანობის 4577 შემთხვევა დაფიქსირდა. 

,,გრიპის პიკი გვქონდა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, ამ ეტაპზე პაციენტების მომართვიანობის რიცხვმა იკლო. თუმცა გრიპის მეორე პიკს თებერვალში ველოდებით. ღორის გრიპის (H1N1) სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა, განსხვავება მცირეა, ამიტომ ყველამ დროულად უნდა მიმართოს ექიმს. დღეისათვის კახეთის რეგიონში გრიპის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. ბოლო კვირის მანძილზე რეგიონში 495, აქედან თელავში 188 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩემი რეკომენდაცია, რომ გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე დროულად მიმართონ ექიმს. სველი წესით დაალაგონ ოთახები, დღეში ორჯერ გაანიავონ სახლი, ხელები კარგად დაიბანონ და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაშინ, როდესაც აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, ატარონ პირბადე“, – განაცხადა knews.ge-სთან ნელი ხიზანივილმა. მისისვე განმარტებით, იმ შეთხვევაში თუ პაციენტს გრიპის სიმპტომები აღენიშნება, მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოს ექიმს.

შეგახსენებთ, ღორის გრიპი საქართველოშიც დაფიქსირდა,რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ,,გავრცელება არის საშუალო, ხოლო სიკვდილის შემთხვევები საბედნიეროდ ძალიან დაბალი. დღეს ყველა შემთხვევა, რაც არის გრიპის, არის H1N1 ვირუსი, გარდა ზოგიერთი შემთხვევებისა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გვხვდება H3. ავადმყოფისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გრიპის რომელი ვირუსით გახდება ავად. ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურება იმისთვის გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რა ვირუსები ცირკულირებს საქართველოში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.