ახალი ამბები

ლაგოდეხში ააიპ ორგანიზაციებიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამგეობაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების შემცირება გამოიწვია სამი ააიპ ორგანიზაციის საბიბლიოთეკო გაერთიანების, ტურიზმისა და კულტურის სამსახურების გაერთიანებამ, რომლის შერწყმის შედეგადაც ერთი აიპი – კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი შეიქმნა.
ცენტრის დირექტორის, ლევან ქაჯაიას განცხადებით, თანამშრომლები რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლდნენ. მისივე განმარტებით, გასულ წელს სამივე აიპისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარზე მეტი იყო გამოყოფილი, გაერთიანების შემდეგ კი თანხა დაიზოგა და მათი წლიური დაფინანსება მხოლოდ 455 000 ლარს შეადგენს. 
ქაჯაიას თქმით, დაზოგილი თანხით სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
,,სამი აიპ გაერთიანდა და შესაბამისად სამსახურების რეორგანიზაციაც განხორციელდა. სამივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 150 პირი. აღნიშნული აიპიების დაფინანსება მხოლოდ ხელფასების და კომუნალური გადასახადების ნაწილში 600 000 ლარს სცდებოდა. იყო შემთხვევები, რომ თანხები არ ჰყოფნიდათ და საჭირო ხდებოდა დამატება. შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება აიპიების რეორგანიზაციის შესახებ. მე, როგორც ახალი გაერთიანების ხელმძღვანელმა, გადავხედე თანამშრომლების გამოცდილებას, საქმიანობას და გადავწყვიტეთ, რომ 30 თანამშრომელთან მოგვიწევს დამშვიდობება. ესენი არიან იურისტები, ბუღალტრები და სხვები, რადგან თვითოეულ მიმართულებას თავისი იურისტი და ბუღალტერი ჰყავდა. წელს ჩვენი ბიუჯეტი შეადგენს მხოლოდ 455 000 ლარს და გვყავს 115 ადამიანი. ვთვლი, რომ ერთ ორგანიზაციას მეტი თანამშრომელი არ სჭირდება. ის თანხა კი, რომელიც დაიზოგა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას მოხმარდება. მაგალითად ვგეგმავთ საბავშვო ბიბლიოთეკის დაფუძნებას”,– განაცხადა ლევან ქაჯაიამ.