ახალი ამბები

მიმდინარე წელს თელავში საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაცია იგეგმება

,,საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა თელავში დიდი ხანია დგას. ერთი საპირფარეშო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ადგილას დგას გაუმართავი და დაბინძურებულია. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მისი დროულად რეაბილიტაცია და ამუშავება, რადგან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი აკითხავს თელავს”,– განუცხადა Knews.ge-ს ნათელა ნადიბაიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მერიაში აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც საპირფარეშოების რეაბილიტაციას მოხმარდება. თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, ქალაქში ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო მუდმივად მუშაობს.
,,ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო მუდმივად მუშაობს. მეორე კი მდებარეობს თეატრთან, თუმცა ამ ეტაპზე დაკეტილია, რადგან რეაბილიტაციას საჭიროებს. ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 6 000 ლარი მისი რეაბილიტაციისა და ფუქციონირებისთვის. უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს აღნიშნულ სამუშაოებს. ასევე, მისი მოვლა პატრონობისთვისაც ვითვალისწინებთ თანხას, რომელიც მოხმარდება შესაბამისი პერსონალის შრომის ანაზღაურებას, კომუნალური გადასახადების გადახდას და სხვა” ,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.