ახალი ამბები

კახეთის რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება

 მოსახლეობის ნაწილმა ახალი წლის პირველი დღე უშუქობაში გაატარა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფლებს ენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის შეზღუდვებთან დაკავშირებით ენერგოდისტრიბუციაში კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგიის შეზღუდვების მიზეზი ავარიები იყო, რაც დენის გაძლიერებულმა მოხმარებამ და მოძველებულმა ელექტრო გაყვანილობებმა გამოიწვია.

პრობლემებია რეგიონის სოფლების შიდა გზებზეც. სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის  შიდა სასოფლო გზები გაუწმენდავია, რაც მოძრაობას ართულებს. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, აქ მოძრაობა თავისუფალია, თუმცა ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები გომბორის მიმართულებით ისევ მოქმედებს, მიმოსვლა აქ მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი, ხოლო თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ. 

გართულებულია წყლის მიწოდებაც. რეგიონის უმეტეს უბნებს წყალი არ მიეწოდება. წყალს მხოლოდ ის დასახლებები იღებენ, სადაც  თვითდინებით მოდის. ყინვებს კახეთის ქალაქების უმეტესობა მოუმზადებელი შეხვდა.