ახალი ამბები

თელავის პოლიციის შენობაში პოლიციელი მოკლეს

ქალაქ თელავში მკვლელობა მოხდა. Knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ დაახლოებით დღის 2 საათზე თელავის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზოში 19 წლის ბიჭი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს, გელა ლამაზოშვილს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დროზე ადრე დატოვა და თელავში გაემგზავრა.

“გადმოვიხედე ფანჯრიდან და დავინახე არეულობა. როგორც გავიგე, პატარა ბიჭი ყოფილა, პოლიციის ღობეზე გადასულა და პოლიციელისათვის უსვრია. არავინ არ იცის, იმ ბიჭმა რატომ მოკლა პოლიციელი. გოგონაც დაჭრა და იძახიან, რომ ძალიან მძიმედ არისო”, – განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ თათულაშვილი. 

ცენტრალურ საავადმყოფოში ამჟამად იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები. საავადმყოფოში, ასევე, მივიდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19,109-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.