სტატიები

საარჩევნო კოდექსში შესაძლოა ძირეული ცვლილებები შევიდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც, მესამე სექტორის მოსაზრებით, აღმოფხვრის საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფის გარანტორი იქნება. შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდა 2012-2014 საარჩევნო ციკლის წინასაარჩევნო, არჩენების დღისა და შემდგომი პერიოდის პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზების საფუძველზე. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ 2015 წლის 31 ოქტომბრის საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის კუთხით კვლავ რჩება ხარვეზები, რომლებიც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს თანასწორი საარჩევნო გარემოს უზურნველყოფისათვის.

 „ბოლო პერიოდში გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებსაც აქვთ აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე კრიტიკული აზრი გამოითქვა იმის შესახებ, რომ პრემიერი და რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრის ჩათვლით იყვნენ შეხვედრაზე, რომელსაც ატარებდა ერთჶერთი საარჩევნო სუბიქეტი. განიმარტა, რომ ეს არ არის კანონის დარღვევა, რადგან საარჩევნო კოდექსი ამას ითვალისწინებს. პრობლემა არის ის, რომ უმაღლესი თანმამდებობის პირის დასწრება პირდაპირ ასოცირდება მმართველ პარტიის ჩართულობასთან და მონაწილეობასთან“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა,  შეიზღუდოს იმ პირთა სეგმენტი, რომელსაც ექნება წინასაარჩევნო პერიოდში ჩართვის შესაძლებლობა. მესამე სექტორი ითხოვს, დაკონკრეტდეს აგიტაციის დეფინიცია და განიმარტოს, რომ აგიტაცია არის, როგორც აქტიური ასევე პასიური, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე დასწრებაში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში 2013 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისმა კომისიამ გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები და გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც დაადგინა წინასაარჩევნო აგიტაციის ცნება და  მონაწილეობის პირობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობა, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ და პოლიციელის ფორმა არ ეცვათ“, – მიაჩნიათ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიების“ და თელავის თემის საკრებულოს წევრი ვანო გალახვარიძე დადებითად აფასებს შეთავაზებულ რეგულაციებს. გალახვარიძე ფიქრობს, რომ თუ პარლამენტმა გაითვალისწაინა ეს რეკომენდაცია და კანონმმდებლობაში ამ კუთხით შეიტანა ცვლილება, გარკვეულწილად მაინც შემცირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრეცენდენტი, თუმცა სრულად პირველ ეტაპზე ვერ აღმოიფხვრება.

„მინიმუმამდე ვერ დაიყვანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას,  მაგრამ რაღაც დოზით შეამცირებს. ვიცით, პოლიციის მიერ გაწეული აგიტაცია რა ფორმითაც ხდებოდა ხოლმე. აგიტაცია სხვა რამეა და პირდაპირი დავალება ანუ კატეგორიული მოთხოვნა თუ ვის უნდა მისცე ხმა, სხვაა. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აიკრძალოს. თუ საჯარო მოხელე იყენებს თავის მდგომარეობას და  უხეშად ერევა საარჩევნო პროცესში ეს კანონით უნდა ისჯებოდეს მკაცრად. მაღალი თანამდებობის პირებსაც რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეთ შეზღუდვები“, – აცხადებს გალახვარიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ამომრჩევლის მოსყიდვის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებითაც აქვს შენიშვნები.  ამ კუთხით დეფინიციები და შესაბამისი სანქციები მოცემულია სამსხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, რაც არსებული რეგულაციების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებას განაპირობებს. მესამე მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული განმარტებების ჰარმონიზაცია და იმ ბუნდოვანებების ამოღება დეფინიციებიდან რაც, ამომრჩევლის მოსყიდვის ფართოდ და დაუსაბუთებულად განმარტების შესაძლებლობას ქმნის.

„მაგალითად, პრობლემურია სისხლის სამართლის ნორმის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების გამო.“ ამასთან, სისხლის სამართლის მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მოსყიდვისათვის ამომრჩევლის სისხლისსამარლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მივიჩნევთ, რომ კანონმდებელმა ზემო აღნიშნულის დეკრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს და ამპროცესში გაითვალისწინოს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილება, არამედ ქვეყნის კონტექსტი. კერძოდ, ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა: უმუშევრობის პრობლემა, სიღარიბის მაჩვენებელი, ამომრჩევლის ცნობიერების დაბალი დონე და სხვა “, – განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში. 

საიას, სამართლიან არჩევნებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულირების ზოგადი პრინციპებიც აქვთ შემუშავებული. ისინი ამომრჩევლის მოსყიდვისთვის მოქალაქის, როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთანავე მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით ამომრჩევლის მოსყიდვისათვის გათვალისწინებული ნორმა უნდა იძლეოდეს ქმედების სიმძიმის მიხედვით დიფერენციაციის შესაძლებლობას, რაც ასევე აისახება პასუხისმგებლობის ზომებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო დავებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან, მედია რეგულაციებთან და სხვა საკითხებთან აქვთ შენიშვნები. მესამე სექტორმა რეკომენდაციების სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით თელავიდან დაიწყო. ისინი აცახდებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მიზნით საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები.