სტატიები

„მშიერი ოჯახი თელავის სასადილოდან გამოგვაგდეს“

მარიამ ალადაშვილსა და თამაზ რუსიშვილს თითქმის მთელი ქალაქი იცნობს, ისინი ყოველდღიურად თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან და მოქალაქეებისაგან მატერიალურ დახმარებას ითხოვენ. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური სახელმწიფო შემწეობა მოუხსნა. ცოლ-ქმრისათვის უცნობია სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. მათი ერთადერთი შემოსავალი მოწყალების თხოვნის შედეგად მიღებული თანხაა.

„ეს რა ცხოვრებაა, პურის ფული გვიჭირს, საშინელ დღეში ვართ. დახმარებაც მოგვიხსნეს. ვერ გავიგე, რატომ აღარ ვიღებთ შემწეობას. ჩვენნაიღ ღარიბ ადამიანებს თუ არ მისცემენ დახმარებას, აბა სხვა ვიღას აძლევენ. ჩვენ არსებობა ხომ გვინდა. მშივრები ხომ არ მოვკვდებით?“, – ამბობს მარიამ ალადაშვილი.

თამაზ რუსიშვილი კი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ თელავის უფასო სასადილოს საკვების მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი უთხრეს და მიზეზად დაასახელეს ბენეფიციარების სიმრავლე, რის გამოც, ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო, სხვა ადამიანების გამოკვებას უკვე ვეღარ შეძლებდნენ. თამაზის მტკიცებით, ისინი სასადილოს ადმინისტრაციამ შენობიდან გააძევა.

„ერთმა ქალმა დაგვიწერა განცხადება. ეს მივიტანეთ სასადილოში. განცხადება უკან მოგვაგდეს. მშიერი ოჯახი თელავის სასადილოდან გამოგვაგდეს. გვითხრეს წადით, ვერ გაჭმევთ, ფული არ გვაქვსო. პრემიებისთვის ხომ კარგად აქვთ ფული“, – აღნიშნავს თამაზ რუსიშვილი.

თამაზი და მარიამი თელავის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმას უვლიან და ბოსელში ძროხებთან ერთად ატარებენ ღამეს. მარიამი ამბობს, რომ ფერმის მეპატრონე შრომას უნაზღაურებს, მაგრამ იმდენად მცირეს, რომ ყოველდღიუარდ უჭირს თავის რჩენა.

„ფერმაში გვიწევს ცხოვრება. საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. ძროხებთან ერთად გვძინავს. კი გვიხდის ფერმის მეპატრონე ფულს. ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში ძალიან ცოტაა. პურის ფულადაც კი არ გვყოფნის“, – ამბობს მარიამი. 

თელავის უფასო სასადილოს დირექტორი მანანა ბაზრაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მარიამ ალადაშვილისა და თამაზ რუსიშვილის შენობიდან გაძევებას. ბაზერაშვილი ამავე დროს აცხადებს, რომ ამ ოჯახს მათთვის არასოდეს მიუმართავს. უმწეოთა სასადილოს ხელმძღვანელი უპოვარი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებზეც საუბრობს.

„მათ არასოდეს მოუმართავთ ჩვენთვის. ასეთ ფაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ. მითუმეტეს გამორიცხულია, რომ ჩვენ ისინი გაგვეგდო შენობიდან. ასეთი რაღაც ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებს, როდესაც უმწეო მოგვმართავს, რომ მას სურს ყოველდღიურად საკვები, ჩვენი თანამშრომლები საცხოვრებელ სახლში მიდიან და სწავლობენ სოციალურ მდგომარეობას. უმწეო აუცილებლად უნდა იღებდეს სოციალურ დახმარებას. ამის მიხედვით აღრიცხვაზე ვაყენებთ“, – აცხადებს მანანა ბაზერაშვილი.

მარიამი და თამაზი კი, ყოველდღიურად შიმშილთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.  ისინი აპირებენ, უფასო სასადილოს ადმინისტრაციას განცხადებით ხელახლა მიმართონ. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი იმედოვნებს, რომ დღეში ერთხელ მაინც მიიღეს საკვბს და შიმშილის გრძნობას ცოტათი მაინც დაიკმაყოფილებს.