ახალი ამბები

თელავის თემში სოციალურ მიმართულებაზე 494 ათას ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მიხეილ შაშიაშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი თანხა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზეა გათვალისწინებული. ,,მომავალ წელს სოციალური სფეროს დაფინანსება 27 ათასი ლარით გაიზრდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 3 ათასი ლარით დაფინანსდება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე 238 300 ლარი დაიხარჯება, ოჯახებისა და ბავშვთა სოციალურ დაცვაზე – 100 000 ლარი, ავადყოფთა სოციალურ დაცვაზე 21 000 ლარია გათვალისწინებული, ასევე მოსახლეობის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე 26 400 ლარია გამოყოფილი და ა.შ.’’, – განუცხადა knews.ge-ს მიხეილ შაშიაშვილმა.

თელაველები knews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა მოხმარდეს, რადგან ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელმა მოიმატა. ,,გასულ წლებთან შედარებით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა ვისაც უჭირს ოჯახის გამოკვება. გაჭირვება მხოლოდ პენსიონერებს არ აქვთ, ბევრ ოჯახს უჭირს ცხოვრება, თუ საკვებს ვყიდულობთ, მედიკამენტების ფული აღარ გვრჩება და პირიქით. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს მოსახლეობაზე და მინიმალურად მაინც გვეხმარებოდეს”, – აცხადებს თინა რუსიაშვილი.