ახალი ამბები

შეინარჩუნებს თუ არა სავარძელს კახეთის გუბერნატორი?

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გუბერნატორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. იურისტების განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად არ იწვევს გუბერნატორის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტებისაგან განსხვავებით, რეგიონების პირველი პირები თანამდებობაზე რჩებიან. 
“პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. გუბერნატორს ნიშნავს თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. კანონში არაფერი არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რწმუნებული ავტომატურად ტოვებს თანამდებობას პრემიერის გადადგომის შემდეგ. ახალ პრემიერს მთავრობასთან შეთანხმებით შეუძლია შეცვალოს გუბერნატორები, შეუძლია თანამდებობაზე დატოვოს. ეს მისი არჩევანია”, – განუცხადა knews.ge-ს იურისტმა ჯუმბერ მაილაშვილმა. 
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ ფლობენ ინფორმაციას ირაკლი შიოლაშვილის უწყებაში რა ცვლილებებს გამოიწვევს ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვება. 
“გუბერნატორის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. არ ვფლობ ინფორმაციას, პრემიერის გადადგომის შემდეგ რა ცვლილებები განხორციელდება სამხარეო ადმინისტრაციაში. ირაკლი შიოლაშვილი რამდენიმე გუბერნატორთან ერთად იმყოფება პოლონეთში და საქართველოში ხვალ გამთენიისას დაბრუნდება”, – განუცხადა Knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მადონა ბატიაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, საღამოს 8 საათზე, მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. ღარიბაშვილის განცხადებით, მარადიული მხოლოდ სამშობლო და უფალია, ხოლო თანამდებობა არის დროებითი, ამიტომ ის ტოვებს პრემირის პოსტს. მთავრობის ყოფილ მეთაურს გადადგომის მიზეზი არ განუმარტავს, შემცვლელიც არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, სად აპირებს წასვლას. გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობას. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე აქტიურად განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა. საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსის” ინფორმაციი, კვირიკაშვილის გვარი ყოფილმა პრემიერმა შეგნებულად არ დაასახელა, რადგან პირველ დიპლომატს დედა გარდაეცვალა და დაკრძალვა დღესაა. სამთავრობო კულუარებში ღარიბაშვილის შემცვლელად ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს და ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსაც მოიაზრებენ.