თესაუში თელავის კულტურული ძეგლების შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
პრეზენტაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიისა და კულტურის 363 ძეგლს აღწერს და ფოტოსურათებს, ნახაზებს, გეგმებსა და საცნობარო სტატიებს მოიცავს.
სამეცნიერო ენციკლოპედიის რედაქტორის, ცნობილი მეცნიერის თამაზ დვალის განცხადებით, ქალაქ თელავის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი უცნობია, რადგან კულტურის სამინისტროს დაკვეთით სტატიები აღნიშნული ობიექტების შესახებ მომზადდა რედაქციაში 2005 წელს მომზადებულ სააღრიცხვო ბარათების მონაცემებზე დაყრდნობით. წიგნში შევიდა მხოლოდ ის საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც დაზიანებებისა და გვიანდელი გადაკეთების მიუხედავად თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს.
„ეს არის სამეცნიერო საცნობარო ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომიანი გამოცემის ხასიათის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რიგით მეოტე წიგნი. პირველი წიგნი მიეძღვნა შიდა ქართლის ნაწილს, მეორე წიგნი – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთს. მესამე წიგნი აღწერს გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების კულტურულ ძეგლებს. ეს წიგნი ეხება თელავს. შემდეგი ტომში კი საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის კულტურული ძეგლები იქნება აღწერილი. გვინდა, რომ ყველა გამოცემული წიგნი, რომელიც კახეთის რეგიონის კულტურულ ძეგლებს აღწერს, ერთტომეულში განთავსდეს“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ დვალმა.
სამეცნიერო ენციკლოპედია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა 2015 წელს გამოსცა.