ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
პროექტს, რომლის ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია, ახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან განთავსდება საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და განხორციელდება ობიექტებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა, როგორც საკანალიზაციო, ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა.
„პროექტების განხორციელების შედეგად გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, ამასთან პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ შუამთაში, ძველ შუამთასა და იყალთოში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – განუცხადეს knews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს.


