ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს
ექიმების განცხადებით, დავით ბორჩაშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას დაზიანება მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება. მედპერსონალის განმარტებით, დაზიანების ადგილზე ბორჩაშვილს რამდენიმე წლის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებიან დაკავებული ბორჩაშვილის ახლობლებიც. დავით ბორჩაშვილის დედის, მედეა ბორჩაშვილის განცხადებით, მისი შვილი თურქეთში სამუშაოდ იმყოფება. ის არ ფლობს ინფორმაციას, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაში.
დღეს, დილის 4 საათზე, 29 წლის დავით ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დანაშაული ისჯება10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
დავით ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მის დაცვაში მყოფი ადასტურებს სირიაში ყოფნას. ნიკოლაიშვილი, ამავდროულად, კატეგორიულად გამორიცხავს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბორჩაშვილის კავშირს.
მედიაში კი „იუთუბიდან“ ვრცელდება კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ფიგურირებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ ვიდეოში კი ბორჩაშვილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობს.