დავით ბორჩაშვილი ადასტურებს სირიაში ყოფნის ფაქტს
ნიკოლაიშვილი კატეგორიულად უარყოფს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბორჩაშვილის კავშირს. “გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია და იმას თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, რაც მას ბრალს წაუყენებენ. თვითონ კატეგორიულად უარყოფს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს. დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნას. ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, თუმცა ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოსაც”. ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა და ეს ორგანიზაცია დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან არის მხარდაჭერილი”, – განუცხადა გელა ნიკოლაიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.
მისივე განმარტებით, თუ ბორჩაშვილის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ მისთვის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალის წაყენება უსაფუძვლოა. მედიაში კი „იუთუბიდან“ ვრცელდება კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ფიგურირებს. ერთ-ერთი ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდება. კიდევ ერთ ვიდეოში კი ბორჩაშვილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობს.
დღეს, დილის 4 საათზე, 29 წლის დავით ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დანაშაული ისჯება10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გუშინ კი დავით ბორჩაშვილის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს, დააკავეს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად რამდენიმე საათის შემდეგ უკან, თურქეთში გააბრუნეს. ბორჩაშვილის ოჯახი მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვდა. ამ მოთხოვნით მათ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქციაც გამართეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვერ ახმაურებენ ინფორმაციას, რატომ გააბრუნეს უკან თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე.