სასამართლომ დუისის განყოფილების ყოფილ უბნის ინსპექტორ გამომძიებელს 13 წელი მიუსაჯა
საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა, ვერდიქტზე მსჯელობისათვის დაახლოებით 6 საათი გამოიყენეს და ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს. კერძოდ, ბრალდებული გამართლდა ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემისათვის წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.
“საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 10 მარტს, ქალაქ თელავში ძმებ ა. და ი. ბ.-ებს შელაპარაკება მოუვიდათ შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გიორგი იორამიშვილთან, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. გიორგი იორამიშვილმა, შურისძიების ნიადაგზე, განიზრახა ა. და ი. ბ.-ების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა. იარაღის გადატენის დროს, უნებლიე გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა კონფლიქტიდან დაახლოებით ხუთ მეტრში მდგარ თ. შ.-ს, ხოლო განზრახ მკვლელობის მიზნით ერთხელ ესროლა ჯერ ი. ბ.-ს, შემდეგ კი ა. ბ.-ს. შედეგად, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებებით ა. ბ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ი. ბ. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო თ. შ. – ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
საქმეზე გამოკვლეულ იქნა მეორე ეპიზოდიც, კერძოდ 2015 წლის თებერვალში, ქ. თელავში, ე.წ. “სამხედრო დასახლებაში”, გიორგი იორამიშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი წყენის გამო, სცემა ვ. პ. აღნიშნულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 7 არსებითი სხდომა გაიმართა, დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 4 მოწმე. სასამართლომ ვერდიქტის საფუძველზე, გიორგი იორამიშვილის მიმართ განაჩენი დაადგინა და მას განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, – ნათქვამია განცხადებაში.