ლაგოდეხში ქალაქის განვითარების სტრატეგია მუშავდება
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. პროექტის მენეჯერ ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულია მოსახლეობა, რომელიც თავად მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ქალაქისა და სოფლების პრობლემების მოგვარებაში.
,,მუნიციპალიტეტისთვის იქმნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი სტრატეგიის განვითარების კუთხით, რაც სამომავლოდ იქნება გზამკვლევი, თუ როგორ განისაზღვროს ადგილობრივი საბიუჯეტო პრიორიტეტები, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად”, – განმარტავს მარუაშვილი.
მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას დადებითად აფასებს გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერია. მისი განმარტებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და ჩართულობა.
,,მუნიციპალიტეტის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს სტრატეგიული განვითარების პროგრამები და გეგმები. საჭიროა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა უკეთ განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, დახვეწოს საკუთარი სერვისები და განავითაროს ეკონომიკა. ლაგოდეხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. სტრატეგიული განვითარების პროგრამების შედგენის პროცესში მოქალაქეები იქნებიან ჩართულები აქტიურად, ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჯგუფების და ბიზნესსექტორის ჩართულობა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდება. მუნიციპალიტეტს ექნება განვითარების გრძელვადიანი, 3-5-წლიანი ხედვა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება თითოეული წლის ბიუჯეტი. ეს ყველაფერი კი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა დ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას. ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში აისახება ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წარადგენს უწყების წინაშე”, – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი ბოკერია.