თესაუს სტუდენტურმა თვითმმართველობამ 5 დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობის დაკავების მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა წარადგინონ სტუდენტურ თვითმმართველობაში. რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 24 ნომებრის 17 საათამდე გაგრძელდება. თესაუს სტუდენტური თვითმმართველების დებულების თანახმად, დეპრატამენტის ხელმძღვანელს დარეგისტრირებული კანდიდატებიდან შეარჩევს პრეზიდენტი და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
„აღნიშნული დეპარტამენტების ადრინდელი თავმჯდომარეების ვინაობა საერთოდ უცნობია. მათ შესახებ იურიდიული აქტი ვერსად ვერ ვიპოვეთ. შესაბამისად კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო. დეპრატამენტის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, იყვნენ მოტივირებულები, კომუნიკაბელურები, ძალიან კარგად უნდა ჰქონდეთ გამომუშავებული გუნდური მუშაობის უნარი. მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია იმ სფეროში, რომელშიც ისინი დეპრტამენტის თავმჯდომარეობას მოისურვებენ. წარმოდგენილი კანდიდატურებიდან სტუდენტებს ძირითადად ამ კრიტერიუმებით შევარჩევ ხელმძღვანელ პოსტებზე“, – განუცხადა Knews.ge-ს თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თენგიზ კუკუნაშვილმა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტმა პრეზიდენტად თენგიზ კუკუნაშვილი, 2 წლის ვადით, 13 ნოემბერს აირჩია.
2014 წლის აპრილში სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი. დებულებაში შესაბამისი ცვლილების შესვლამდე სტუდენტები, 1 წლის ვადით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდედენტს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით ირჩევდნენ.