კახეთის 20 სოფელი ინტერნეტით ისარგებლებს
ინტერნეტი, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება აჭარის 44 სოფლისათვის, გურიის 30 სოფლისათვის, იმერეთის ასზე მეტი სოფლისათვის, ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 სოფლისა და შიდა ქართლის 10-ზე მეტი სოფლისათვის. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონის – კახეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის 500-მდე სოფელი ისარგებლებს ინტერნეტით. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში მოსახლეობის 91%-სთვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.