თელავის მედია კაფეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
სემინარის მიზანი იყო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლება.
“პროექტის განხორციელების მიზანია საქართველოში თანასწორობისა და თავისუფლების კუთხით არსებული ცოდნის ამაღლება. სამოქალაქო განათლების პედაგოებისთვის ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პირდაპირი ბენეფიციარები არიან. ტრენინგზე ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორებიც არის თანასწორობა და ტოლერანტობა, მოქალაქის თავისუფლება, გზა უფლებების ღირსებიდან უფლებამდე, როგორ განვითარდა ადამიანის უფლებები, როგორ წარმოიშვა თეორიები ადამიანის უფლებების შესახებ და სხვა,”– განუცხადა Knews.ge-ს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის კოორდინატორის, ზეინაბ კაკალაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების შესახებ პედაგოგების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ თემაზე ისინი მოსწავლეებს მიაწვდიან დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
,,სამოქალაქო სწავლების სახელმძღვანელოებში ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე არის ინფორმაცია, მაგრამ იმდენად მცირეა, რომ ის მასწავლებლებს არ აძლევს საშუალებას ფართოდ გაშალონ თემა და ისაუბრონ. მათ აღნიშნულ თემებზე ტრენინგის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიიღეს. ასევე გადაეცათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილის ნიმუშები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“, რაც მათ მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარების საშუალებას მისცემს,”- განაცხადა ზეინაბ კაკალაშვილმა.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.