სტატიები

გურჯაანში ცენტრმა ,,ერთობამ’’ ღონისძიება გამართა

ღონისძიების გამართვის მიზანს ახალგაზრდებისთვის სამშობლოს ცნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. 
შეხვედრაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სამღვდელოებისა და ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ცენტრ ,,ერთობის’’ ხელმძღვანელის, გურჯაანის სამების ტაძრის მოძღვრის, მამა ვაჟა სონღულაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდული ცენტრი მსგავს თემებზე შეხვედრებს ხშირად მართავს, რათა ყველა დაფიქრდეს თუ რაში მდგომარეობს მისი როლი სამშობლოს წინაშე.
,,ღონისძიების მიზანია თვითოეული ადამიანის გულამდე მივიდეს სამშობლოს სიხარული, ტკივილი, სიყვარული და მივხვდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მასზე, უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი საკეთებელი. მსგავს შეხვედრებს ჩვენ ხშირად ვმართავთ და გვინდა ამ კუთხით მოსახლეობა გააქტიურდეს.’’
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სოფლებიდან მოწვეულმა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სამშობლოს თემაზე ლექსები წაიკითხეს და საგალობლები შეასრულეს. ამის გარდა, ახალგაზრდებისთვის გაიმართა ფილმის ჩვენებაც.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განცხადებით, მსგავსი თემით ახალაზრდების დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. 
,,ამ სახის ღონისძიების ჩატარება კეთილშობილური ინიციატივა იყო. სანამ შეხვედრა გაიმართებოდა, გამოკითხვა ჩატარდა სამშბლოს თემაზე. ახალგაზრდები ძალიან გულწრფელ მესიჯებს გზავნიდნენ თუ რას გრძნობდნენ ისინი. სწორედ ამის მიხედვით დაიგეგმა შეხვედრის ჩატარება. მსგავსი სახის ღონისძიებებში უნდა ჩაერთოს ყველა ასაკის ადამიანი, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და სხვა’’,- განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისმარი საყვარლიშვილი ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას დადებითად აფასებს.
”ახალგაზრდული ცენტრი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ერისთვის. მადლობა მის დამფუძლებლებს. მე ამერიკაში ვცხოვრობ წლებია და ჩემთვის სამშობლო ყველაფერია. ჩემი სამშობლო ის წაგლეჯილი ტერიტორიებია, რომლის დაბრუნებაზეც ვოცნებობთ ქართველები, “– განაცხადა ცისმარი საყვარლიშვილმა.