პრემიერმა საგარეჯოს მაჟორიტარად თამარ ხიდაშელი წარადგინა
„თამარ ხიდაშელი საქართველოს იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და წარმატებული იურისტია. განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად თამარ ხიდაშელი მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევის და მონიტორინგის ანგარიშის ავტორი. ქალბატონ თამარს დიდი შრომა აქვს გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში და განსაკუთრებით საჯარო დაწესებულებებში სათანადო მნიშვნელობა შეეძინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ქალბატონ თამარს ჰქონდა პრინციპული პოზიცია მაშინ როცა ყალბდებოდა არჩევნები და თავისი ზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ის გამარჯვებას მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე ნიშნავს.
შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მარტვილშიც, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ნაული ჯანაშია გარდაიცვალა. მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატად პრემიერმა სოსო დანელია წარადგინა. პრემიერის განცხადებით, დანელია დოპლომატიურ მისიაში მუშაობდა იტალიაში.
შუალედურ არჩევნებს არასაპარლამენტო ოპიზიციის ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით უცხადებს. მარტვილსა და საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე პარტია მონაწილეობას არ აპირებს.
ცნობილია, რომ საგარეჯოს არჩევნებში მონაწილეობს „პატრიოტთა ალიანსი“, საიადანაც კენჭს ირმა ინაშვილი იყრის.