ხვალ მწერალ ზაირა არსენიშვილს თელავში დაკრძალავენ
ზაირა არსენიშვილი იყო სამგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მას მიანიჭა საპატიო წოდება ხელოვნების ქურუმი და სამკერდე ნიშანი.
,,ქალბატონი ზარია არსენიშვილი წარმოშობით თელაველია. მისი მამაპაპეული სახლიც მდებარეობს აქ. მის სახელთან არის დაკავშირებით მთელი ეპოქა ქართულ კინოში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა თელავმა. იგი აუნაზღაურებელი დანაკლისია”, – განაცხადა ყუშიტაშვილმა.
ზაირა არსენიშვილი წლების განმავლობაში უკრავდა ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში ვიოლინოზე და მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” დრამატურგთა გაერთიანებაში სცენარისტად, რედაქტორად და მეორე შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორად.
თელავის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ელენე ღარიბაშვილის განცხადებით, ზაირა არსენიშვილი არის ყველა იმ ფილმის სცენარის ავტორი, რომლის რეჟისორიც ლანა ღოღობერიძეა.
,,მის ფილმოგრაფიაში შედის: “ბედნიერება”, “ვალსი პეჩორაზე”, “ორომტრიალი”, “ბებია ყველასათვის”, “დღეს ღამე უთენებია”, “კაცია ადამიანი?!”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “აურზაური სალხინეთში” და “როცა აყვავდა ნუში”. ნუცა ალესსი-მესხიშვილმა გადაიღო ფილმი ,,ფელიჩიტა“. ქალბატონი ზაირა არის ავტორი წიგნებისა “ვა, სოფელო!”; “კოლაჟი მთვარის შუქზე”; “თელავიდან თბილისამდე”; რომანი”სამთა კავშირი” და სხვა”, – აღნიშნა ელენე ღარიბაშვილმა.
ზაირა არსენიშვილის პანაშვიდი გაიმართება დღეს, 17:00 საათზე, თელავში. მწერალს ხვალ, 14:00 საათზე, დედის გვერდით, ქართველების სასაფლაოზე დაკრძალავენ.