ყვარელში მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა
ყვარელში ადგილზე რჩება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე. მისი განცხადებით, პაციენტები დღის ბოლომდე დატოვებენ საავამდყოფოებს. “მსუბუქი ინტოქსიკაციიაა და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა გაიწერება. რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ეს. შუაღამიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმირებული იყო ამის შესახებ, ანალიზები აღებულია და დღეს დღის ბოლომდე იქნება პირველადი შედეგები ვირუსოლოგიაზე. თუ ამ შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იქნება, უკვე ბაქტეროლოგიური კვლევები გაგრძელდება. რაც შეეხება წყალს, აღებულია სინჯები და პირველადი შედეგები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. უკვე დღის ბოლოს შეგვიძლია კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია ეს ინტოქსიკაცია”, – განაცხადა თალაკვაძემ.
knews.ge-ს ინფორმაციით, ყვარლის პრობლემურ უბნებში წყლის მიწოდება აღდგა, თუმცა, მისი გამოყენება 10 წუთის დინების შემდეგ შეიძლება. პრობლემურ უბნებში ამ დრომდე რჩებიან სპეციალისტები და სწავლობენ წყლის შემადგენლობას. ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა დღის ბოლოსთვის გახდეს ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი ქუჩის მცხოვრებია.