ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება (R)
2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული, იძულებით დათმობილი და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამ წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი.
2011 წელს ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველო” ინიციატივით დაიწყო პროექტი “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”. პროექტს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “მწვანე ალტერნატივა” და “საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია” ახორციელებდა. მიზანი კი, საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო. პროექტის მონაწილე ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მათთვისაც გაურკვეველია, საბოლოოდ მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის უზრუნველყოფა და როდის გამოიძიებს პროკურატურა დაზარალებულთა საქმეებს.
“უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა და ათასობით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა”, _ ეს არის ამონარიდი “ქართული ოცნების” 2012 წლის 1 ოქტომბრის წინაასარჩევნო პროგრამიდან.
“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველმა მხარი ამ დანაპირებისთვისაც მისცა, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაურკვეველი ვადით მალევე გადაიდო _ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რომელზეც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, მალევე გადაიფიქრეს; მიზეზად კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები დასახელდა, რომელთა გადასინჯვასაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ შეძლებდა; ასევე ისიც, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნისას განაცხადა, რომ მთავრობა 2015 წლის თებერვლის ბოლომდე წარადგენდა “კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულება”.
რამდენი საქმე გახსნა დეპარტამენტმა
ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა 20-მდე საქმე გახსნა და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს ქონებაც დაუბრუნა. ერთ-ერთი ბოლო საქმე პროკურატურამ 2015 წლის 21 ივლისს გახსნა და ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა, მანამდე კი, უწყებამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი 13 ივლისს გახსნა და შსს-სა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კი მეპატრონეებს დაუბრუნდათ.
გარდა ამისა, პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა იძულებით ჩამორთმეული ქონების 5 ფაქტი ივნისშიც გახსნა. რამდენიმე დღით ადრე კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გააქტიურდეს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით და იქვე დააანონსა ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყება.
რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, 2015 წლის 29 ივლისს კი, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქალაქე ირაკლი მახარაშვილს 2010 წელს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. როგორც სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საკითხზე თბილისის მერიას ეკონომიკის სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან მიმართეს.
ირაკლი მახარაშვილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2010 წელს დააკავა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, არაოფიციალურად მოსთხოვეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. მახარაშვილმა თავისუფლების სანაცვლოდ სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება ირაკლი მახარაშვილის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისა და საკუთრებაში კანონიერი ფლობის ფაქტი, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი მახარაშვილის მიერ მიწის უსასყიდლოდ მიტოვების ფაქტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი მის კანონიერ მფლობელს უკან უბრუნდება.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა ამბობს, “მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით დიდია”:
“ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.
არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს სახელმწიფოს 12-15 მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ.
სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალური განცხადება იყო ის, რომ მიდიოდა საქმეების გამოძიება, თუმცა საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში გაჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც დაახლოებით იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით”, _ აღნიშნავს გვილავა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” აქამდეც მიიჩნევდა, რომ პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები უფრო უნდა დააკონკრეტოს _ ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელ საქმეებს და რა კრიტერიუმით ანიჭებს უპირატესობას მთავარი პროკურატურა, ან რა დროშია შესაძლებელი, დასრულდეს ჩამორთმეული, დათმობილი და სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებული ქონებების გამოძიების საკითხი.
ჩუქება-მიტოვების სტატისტიკა
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, “2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5 634 ქონება დათმეს”. კერძოდ, ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი _ 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.
“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ან/და მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი _ 477, აბაშა _ 116, ბათუმი _ 97, ჩოხატაური _ 84, ხელვაჩაური _ 76, მცხეთა _ 65, ხონი _ 48, ხოლო საკუთრივ თბილისში, 2004-2012 წლებში, დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012-დან 2015 წლის პირველ იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, ჯერჯერობით იძულებთ დათმობილი ქონება მხოლოდ 9 პირს დაუბრუნდა.
2015 წლის 4 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს. მინისტრმა იქვე განმარტა, რომ შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება.
თუმცა, მთავარ პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, მოქალაქეთა ანაზღაურების საკითხი აღსრულების ფონდიდან გახორციელდა თუ არა.
კითხვაზე – რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს ზიანი აუნაზღაუროს სახელმწიფომ? “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროექტის მენეჯერი გია გვილავა გვპასუხობს, რომ “ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია”: “ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით რამდენ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაზეა საუბარი. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს, თუმცა, არც ის არის ცნობილი, თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად. თეორიულად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია”, _ ამბობს გვილავა.
დაზარალებული მოსახლეობა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განსაკუთრებით გააქტიურდა და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად, ძალიან მცირე ნაწილმა მოახერხა ზიანის კომპენსაციის მიღება.
ცოტა ხნის წინ თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა გონიოში მცხოვრები 271 ოჯახიც, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
ანალოგიური მდგომარეობაა ანაკლიის, მესტიის, ხარაგაულის, საირმის ტერიტორიებზეც. დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნკვეთების დაბრუნებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და “საერთშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში” აცხადებენ, რამდენიმე მათგანს, სარჩელი ევროპულ სასამართლოშიც აქვს გაგზავნილი და საქმე წარმოებაშია მიღებული, თუმცა, ხანგრძლივი და რთული პროცედურების გამო საქმეების განხილვას რამდენიმე წელია ელოდებიან.
კომიქსის ავტორი რუსუდან ხიზანიშვილი
მასალა მომზადებულია პროექტის _ “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” _ ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება _ საქართველო”.
პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.