კარდენახში მდინარე ალაზანმა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური არტეფაქტები გამორიყა (Photos)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ნაპოვნი არტეფაქტები ბრინჯაოს ხანის კერამიკის ნაკეთობების, დოქების, კოჭობების, ლანგრების და სხვა ნივთების ფრაგმენტებია.
მისივე თქმით, ნივთებს კარგად ეტყობა სამეთუნეო ჩარხზე დამზადების კვალი.
მარკოზაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ადგილას, სადაც წყალმა უძველესი ნივთების ნაწილები გამორიყა, აუცილებელია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
,,ანტიკური ხანის,მოწითალო ფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელიც აღმოჩნდა. ერთ-ერთი ჭურჭლის ყური შემკულია ჯვრით,რომელიც ქრისტიანობამდე ბევრად ადრე ყოფილა გავრცელებული. გარდა ამისა, ალაზნის ნაპირზე, სხვა კერამიკულ ნაწარმთან ერთად, ძველებური ქართული აგურის ფრაგმენტებიც მრავლად არის მიმოფანტული. გვხვდება ძვლოვანი მასალაც, რომელიც შესაძლებელია ადამიანსაც ეკუთვნოდეს. არქეოლოგიური კვლევებით ირკვევა,რომ ალაზნის ველი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული. ალაზნის ნაპირზე აღმოჩენილი არტეფაქტები კი შესაძლოა, რომ სამარხეული წარმოშობის იყოს. ადიდებული ალაზანი ზოგჯერ ანგრევს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძველეს სამარხებს და არქეოლოგიური არტეფაქტები მდინარეში, შემდეგ კი ნაპირზე გვხვდება. საჭიროა, რომ მდინარე ალაზნის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდეს არქეოლოგიური-დაზვერვითი სამუშაოები, რომელიც ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.