ახალი ამბები

სიღნაღის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 1,342,388 ლარი დაიხარჯება. 
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 20-24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. 
უწყების ინფორმაციით, ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება. 300 ოჯახს კი 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი აქვს წყალი. პროექტის განხორციელების შედეგად კი 20-24-საათიანი წყალმომარაგების გარდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგები. 
,,მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია. 3 ახალი ჭაბურღილიც გაიმართება და აშენდება ერთი 100 ტონიანი რეზერვუარი, რის შედეგადაც წყლის მარაგი გაიზრდება და გრაფიკის პრობლემა მოსახლეობას სრულად მოეხსნება. პროექტის ფარგლებში ყველა ოჯახს ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში მცხოვრებ 3500-ზე მეტ ადამიანს წყალთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოეხსნება. ქალაქ სიღნაღში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წლის გაზაფხულზე დასრულება. ობიექტზე სამუშაოებს კომპანია შპს “ბილდ ინდუსტრი” აწარმოებს”,- განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში. 
დღეს სიღნაღში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომაარგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.