კახში წირვის ჩასატარებლად მოძღვარს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება მოუწევს
“რეზონანსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულზე ისტორიული ჰერეთის ერთადერთ მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდება.
დაახლოებით ერთი თვის წინ მამა დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.
აზერბაიჯანული მხარე მოძღვრისათვის მღვდელმოქმედების შეზღუდვის მიზეზად ასახელებს კანონს, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიაზე ქადაგებისა და მოღვაწეობის უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს.
“აქამდე წირვა-ლოცვა ჩვენი თხოვნითა და უწმინდესის ავტორიტეტით აღესრულებოდა. რამდენჯერმე გვითხრეს, რომ ასე მოხდებოდა, თუმცა ასე მალე არ ველოდით. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის ეკლესიაში გავაგზავნით საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირს, რომელიც მსახურებას აღავლენს. ამის შემდეგ იურიდიული პროცედურა დაიწყება და ერთ-ერთ ქართველ სასულიერო პირს აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიენიჭება”, – განუცხადა ,,რეზონანსს” მეუფე დიმიტრიმ.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი აცხადებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ქართული მხარე აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის წარმომადგენლებს 29 ივლისს ბაქოში შეხვდა. მისი თქმით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული სასულიერო პირისთვის აზერბაიჯანის მოქალაქის მინიჭების პროცესი დაიწყება. პროცესის დასრულებამდე კი ქართველ სასულიერო პირებს პერიოდულად საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ.
კახის წმინდა გიორგის ეკლესია მე-19 საუკუნეში ძველი ეკლესიის ადგილასაა აშენებული, სადაც წირვა 1990 წლიდან აღევლინება.