გურჯაანის სასწრაფო დახმარების სამსახური ახალ შენობაში გადავიდა
ახალგარემონტებულ სასწრაფო დახმარების ცენტრს, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანუს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე ესტუმრენენ.
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეიმურაზ ხარაშვილის განცხადებით, ამ დრომდე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გურჯაანის რაიონული ცენტრის 48 თანამშრომელი მუშაობდა “ჯეოჰოსპიტალსის” შენობაში, სადაც სათანადო პირობები არ იყო შექმნილი.
,,ახალ შენობაში სათანადო პირობები იქნება შექმნილი და პერსონალს ადრე შექმნილი ყველა პრობლემა, რომელშიც მუშაობისას ხელს უშლიდათ, მოუგვარდება. ევროპული სტანდარტებით აშენებულ ახალ შენობაში სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილებია მოწესრიგებული. ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გურჯაანის რაიონული ცენტრის თანამშრომლები მუშაობდნენ ერთ-ერთი კერძო კლინიკის ტექნიკურ სართულზე, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა, რაც მათ მუშაობაში ხელს უშლიდათ”,- განაცხადა თეიმურაზ ხარაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, წლების განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრები მოუწესრიგებელი იყო, თუმცა სახელმწიფოს ძალისხმევით კახეთის რეგიონში ყველა ცენტრი კეთილმოეწყო და სათანადო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღიჭურვა.
,,ფართი კომფორტულად არის მოწყობილი, რაც თანამშრომლებს მუშაობას გაუადვილებს. ჩვენ თავის დროზე დავიწყეთ ცენტრების სრული რეაბილიტაცია და სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოიცვალა. ადრე ხშირი იყო დაგვიანებები, რადგან მანქანები მწყობრიდან იყო გამოსული, ახლა კი ეს პრობლემა მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად მოგვარდა ”,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.