კახეთის რეგიონს 44 ერთეული სამელიორაციო ტექნიკა გადაეცა
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული სპეციალური ტექნიკა საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„მრავალი წელია, ჩვენს სარწყავ-სამელიორაციო სისტემას არ ჩატარებია რეაბილიტაცია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ფერმერებს. ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას“,– განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გრანტის სახით სულ 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა. მისივე თქმით, ტექნიკა სხვადასხვა რეგიონში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
,,კახეთს 44 ერთეული ტექნიკა გადავეცით, რადგან მელიორაციის თვალსაზრისით ეს რეგიონი ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენ ამ რეგიონში დაგეგმილი გვაქვს ბევრი პროექტის განხორციელება, რომელიც უკვე ინიცირებულია”, – განაცხადა დანელიამ.