თვითმმართველობის რეფორმის შედეგები დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ რეფორმის შემდეგ ბიუჯეტი 997 700 ლარით გაიზარდა და 5 499 700 ლარი შეადგინა. უწყებაში ამბობენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს 17 800 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, კეთილმოწყობის ღონისძიებებზე კი 3000 ლარი, გარე განათების სისტემების მოწყობისათვის 15 700 ლარია გამოყოფილი, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯებზე – 2 800 ლარი. გამგეობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზარდა და 4 459 600 ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5 365 700 ლარს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ხათუნა გონაშვილი აცხადებს, რომ წყალგაყვანილობისათვის, წყლის რეზერვუარების შესაკეთებლად, შიდა გზების მოსაწყობად, სოციალური სფეროს დასაფინანსებლად და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 2014 წლისგან განსხვავებით, წელს ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა გამოიყოფა.
,,2015 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 5 499 700 ლარი შეადგინა. პრიორიტრეტული მიმართულებებია: ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. აქედან ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებით იხარჯება. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტის ცვლილება არაერთხელ განხორციელდა. თანხების გაზრდა არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზარდა. კერძოდ 2014 წლისთვის სოციალურმა ბიუჯეტმა 350 100, ხოლო 2015 წელს 585 100 ლარი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით 584 100 ლარია გათვალისწინებული.
აქედან – 81 100 ათასი ლარი ჯანდაცვის, 503 000 ათასი ლარი სოციალურ და 300 000 ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამებზე დაიხარჯება. ასევე, უმწეოთა უფასო სასადილოს დასაფინანსებლად წელს 200 000 ათასი ლარი, ხოლო ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებისთვის 3 ათასი ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, გასული წლისგან განსხვავებით, 2015 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდებიდან გამოყოფილი გვაქვს 1 190 398 ლარი, რომელიც მოხმარდება საბავშო ბაღების რეაბილიტაციას, სასმელი წყლების გაყვანას და ადგილობრივი გზების მოწყობასა და დაგებას. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 473302 ლარი, ხოლო 2015 წელს გვაქვს 443529 ლარი, რომელიც გაიხარჯება საბავშო ბაღების, გზების, სასაფლაობეის მოწყობაზე და ა.შ’’, – აცხადებს ხათუნა გონაშვილი.
საკრებულოს აპარატის უფროსი თვითმმართველობის რეფორმას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ რეფორმამ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ უფრო სრულყოფილი და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გახადა.
,,რეფორმამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და გაამარტივა საკრებულოს და გამგეობის მუშაობა. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში განხორციელდა ძირეული ცვლილებები:
დღეს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ აღმასრულებელ ორგანოდ გამგეობა განისაზღვრა, შესაბამისად, აღმასრულებელ ნაწილში საკრებულოს უფლებამოსილება გამგეობას გადაეცა. მართალია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებები არ გაზრდია, მაგრამ ამით უწყებას საქმე არ მოჰკლებია’’, – აღნიშნავს გონაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ფინანსური დამოუკიდებლობის გარდა, რეფორმიდან თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართვის შესაძლებლობას გამოყოფს.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ წელს მოქალაქეებთან შეხვედრების შემდეგ, მათ მიერ დასახელებული წინადადებებიდან შეირჩა პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც განსახორციელებლად საკრებულოს უკვე წარედგინა.
,,იმ შემოსავლების ფარგლებში, რაც გაწერილია, მაქსიმალურად შევეცადეთ, პრიორიტეტები სწორად დაგვეგეგმა.
თამამად უნდა ითქვას, რომ ის აღმშენებლობა, რომელიც ბოლო 2 წელია დედოფლისწყაროში მიმდინარეობს, კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის პროგრამის განხილვაში ჩართულნი იყვნენ მოქალაქეები.
ჩატარდა სოფლის კრებები, სადაც განიხილეს მოსახლეობის მიერ დაყენებული საჭირბოროტო საკითხები. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ შეარჩია უფრო პრიორიტეტული საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა’’, – აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი რეფორმის შემდეგ ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის კუთხით გარკვეული დადებითი ნაბიჯების გადადგმაზეც საუბრობს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ასევე, დადებითად აფასებს გამგებლის პირდაპირი წესით არჩევას და მისთვის უფლებების გაზრდას, თუმცა მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ მწირი საბიუჯეტო სახსრები, რომელსაც იგი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილავს.
,,რეფორმის შემდეგ, მართალია, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვაში კანონმდებლობით თვითმართველი ერთეულები დამოუკიდებლები არიან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საკუთარი ფინანსური რესურსი საკმაოდ მწირია. „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირი (გამგებელი) გახდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი.
გარდა ამისა, ახალმა კოდექსმა ამომრჩეველსა და საკრებულოს მისცა საშუალება, კანონით განსაზღვრული წესით გამგებელს გამოუცხადოს უნდობლობა და გადააყენოს თანამდებობიდან, რაც წინა კანონისაგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა’’,– განმარტავს ჯანიაშვილი.
დედოფლისწყაროელი ნათელა ლელიაშვილი ფიქრობს, რომ 2014 წლიდან დღემდე არაფერი შეცვლილა. ლელიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სოფლების მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რათა არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღონ და სამომავლოდ, ბიუჯეტში, ადგილობრივების ინიციატივები გაითვალისწინონ.
,,სოფელში როგორც ვცხოვრობდით ადრე, ახლაც ასე ვართ. არაფერი კეთდება ისეთი, რომ ადგილობრივის ცხოვრების დონე შეიცვალოს’’,– ამბობს ნათელა ლელიაშვილი.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.