საგზაო უსაფრთხოების შესახებ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვეს
გამარჯვებული ჟურნალისტები iPad-ებით დაჯილდოვდდნენ. საუკეთესო რადიო გადაცემისთვის პრიზი რადიო ,,ჰერეთის’’ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ალადაშვილმა მიიღო. საუკეთესო სტატიაში გამარჯვებულად გაზეთ ,,სპექტრის’’ ჟურნალისტის, თამარ კაპანაძის ჟურნალისტური ნამუშევარი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ტელე სიუჟეტის მომზადებისთვის ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ ჟურნალისტი ეთერ თეთრაძე დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე სხვა ჟურნალისტებს სიგელები გადაეცათ.
კონკურსი პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” ფარგლებში გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელის, გელა კვაშილავას თქმით, საუკეთესო საკონკურსო ნაშრომები საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა რისკ-ფაქტორს: გადაჭარბებულ სიჩქარეს, ღვედის ტარებას, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, ქვეითების უსაფრთხოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა.
,,საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი ხდება მის გამო, რომ რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ კულტურა არის დაბალი. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება და ავირჩიეთ კახეთის რეგიონი. კამპანიის ფარგლებში განვახორციელეთ და შვქმენით სპეციალური ლიტერატურა ახალგაზრდებისთვის, მძღოლებისთვის და ბუკლეტები მოსახლეობისთვის, იმათთვის, ვინც გზის განაპირას ცხოვრობს. რაც შეეხება კონკურსს. მისი მიზანი იყო ჟურნალისტების დახმარებით პროექტის და კონკრეტულად კახეთის გზებზე არსებული რისკების შესახებ ინფორმაციის მიტანა მოსახლეობამდე. მომზადდა 30-მდე მასალა, რომელშიც შედიოდა ბეჭდვური, სატელევიზიო, რადიო მასალები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით მედიის ასეთი აქტიურობა პირველად არის. ფაქტობრივად, ჟურნალისტებმა ეს პრობლემები, რომლებიც დღეს გზებზეა შექმნილი, ამოწიეს და უკეთ გაეცნენ. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას კი ჟიურიმ ყურადღება მიაქცია თემის აქტუალურობას და იმას, თუ რამდენად პროფესიონალურად იყო მომზადებული მასალა, თუ როგორ ცდილობდა ჟურნალისტი არამარტო პრობლემის წარმოჩენას, არამედ საკითხის გადაჭრასაც’’,- განაცხადა გელა კვაშილავამ.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები განცხადებით, მედია საშუალებები აქტიურად უნდა აშუქებდნენ საგზაო უსაფრთხოების საკითხებსა და ამ კუთხით შექმნილი პრობლემებს.
რადიო ,,ჰერეთის’’საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე კონკურსების გამოცხადებით ჟურნალისტებს უფრო მეტი მასალის მომზადების სტიმული ეძლევათ, სანამ მას შედეგი არ მოჰყვება და არ გაუმჯობესდება არსებული სიტუაცია.
,,მოვამზადე გადაცემა, რომელიც ეხებოდა საგზაო უსაფრთხოებას. ჩემს გადაცემაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პედაგოგი, რომლებმაც ძალიან საინტერესო რჩევები მისცეს რადიომსმენელს და იმ ადაიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს საზოგადოებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურის წევრებს რომლებმაც ჩემი გადაცემა გამოარჩიეს და გადმომცეს საჩუქარი’’, – აღნიშნა ალადაშვილმა.
ჟრნალისტები აცახდებენ, რომ გზებზე არსებული პრობლემების მოძიებასა და შესაბამის სამსახურებამდე მიტანაზე საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იზრუნოს.
,,ჩემმა საკონკურსო სტატიამ გაიმარჯვა. ის ეხებოდა გურჯაანში გარევაჭრობას და მასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების საკითხებს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია და მსგავსი მიზეზით არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა’’,– განაცხადა გაზეთ ,,სპექტრის’’ ჟურნალისტმა, თამარ კაპანაძემ.