ძლიერმა ქარმა ყვარელში ათამდე სახლს სახურავი გადახადა
სეტყვამ ვენახები და საზამთროს ბაღები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო გლეხები წლევანდელი მოსავლის გარეშე დარჩნენ.
ქარიშხალმა, ასევე, სოფელ გავაზში კაკლის ხეები მოგლიჯა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლება და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩახერგილი გზა გუშინ ღამევე გასუფთავდა.
,,ამ დროისთვის შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის. სახლების გადახურვის სამუშაოები კი დღეს დაიწყება”,- განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ოთარ ბუჯიაშვილმა.