არ ვიცი, რა ფერია გამგებელი – ახმეტა თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი რეფორმიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების უფრო მეტ ჩართულობას. ნასყიდაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ რეფორმის შედეგად მოქალაქეებს აქვთ მთავრობის კონტროლის გაცილებით მეტი შესაძლებლობა, ისინი მაინც არ ერთვებიან თვითმმართველობის საქმიანობაში. ბექა ბაიდაურის მოადგილე რეფორმის კიდევ ერთ მთავარ პოზიტიურ ფაქტორად მიიჩნევს გამგებლისათვის უფრო მეტი ლეგიტიმაციის მინიჭებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდას.
“გარკვეული საკითხები შემოსულა ამა თუ იმ უბნიდან კონკრეტული განცხადების სახით პრობლემების მოგვარების შესახებ და თუ არ შეგვისრულებია, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მეტნაკლებად ვასრულებთ. მოქალაქეები კი ძალიან პასიურობენ და ფაქტობრივად მათი მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობა არ შეიმჩნევა, თუმცა ისეც არ არის, რომ კომუნიკაცია არ არსებობდეს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. პირიქით ჩვენ ზალიან აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ პრობლემებს და სხვადასხვა საკითხის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას”, – განმარტავს ვაჟა ნასყიდაშვილი.
თუ ხელისუფლება მოქალაქეებს პასიურობას საყვედურობს, ახმეტელები მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მოსახლეობასთან ნაკლებ კომუნიკაციას უწუნებენ და აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა როლის შესახებ არაფერი იციან. შესაბამისად, არც აქტიური ჩართვის სურვილი აქვთ.
„რა რეფორმა? რას ამბობ. ეგ არც კი ვიცი რა არის. მაგას ვინ ჩივის? ისიც არ ვიცი გამგებელი რა ფერისაა“, – აღნიშნავს ადგილობრივი მკვიდრი ზაქრო ვალაშვილი.
„როგორც შენ მოდიხარ, ისე გამგებელი მოდის და გვხვდება. არჩევნების შემდეგ თვალითაც არ გვინახავს“, – ამბობს დიმიტრი გაბრიელაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი რეფორმამდე 7 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ კი მთავარი საფინანსო დოკუმენტი 9 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა. ვაჟა ნასყიდაშვილი განმარტავს, რომ რეფორმის შემდეგ მუნიციპალიტეტი თავად წყვეტს ბიუჯეტის ფორმირების, გახარჯვისა და განაწილების საკითხებს და ამ პროცესებში გამორიცხავს ცენტრალური ხელისუფლების ზეგავლენას. გამგებლის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაში. პარალელურად მოქმედებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა თავად ადგენს პრიორიტეტებს.
“რა თანხითაც არის დამტკიცებული ბიუჯეტი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად განვკარგავთ. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი არ ხდება. დამტკიცებული ბიუჯედიდან ჩვენ ჩვენი შეხედულებისამებრ ვხარჯავთ თანხებს, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ხარჯვით ნაწილში. სახელმწიფო ხაზინა, შესყიდვების სააგენტო და ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს და ეს აუცილებელიც არის. ჩვენ გვაქვს დამატებიი შემოსავლები ტრანსფერების სახით, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაგვიზარდა. ამ მხრივ სახელმწიფომ გადადგა დადებიი ნაბიჯი. სკოლამდელ დაწესებულებებში მშობლების შენატანები აკუმულირდებოდა ბიუჯეტში. ეს აღმოიფხვრა. მშობლები ყოველთვიური მოსაკრებლს აღარ იხდიან. აღნიშნული რესური დაფინანსდა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე“, – აღნიშნავს ნასყიდაშვილი.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტი სახაზინო მართვის ერთიან ელექრონულ სისტემაზე გადავიდა. ნასყიდაშვილის შეფასებით, თავიდან სისტემის მართვის დროს გარკვეული სირთულეები დაფიქსირდა, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში ხარვეზები აღმოიფხვრა და გართულებებიც თვიდან აიცილეს.
„მოგეხსენებათ, რომ ყველა საპილოტე პროგრამას თან ახლავს ხარვეზები. ძირითადად გადარიცხვების კუთხით იყო სირთულეები და თავიდან თუ ვაწყდებოდით პრობლემებს, ეს საკითხი უკვე 95%-ით გადაწყვეტილია“, – აცახდებს გამგებლის მოადგილე.
თვითმმართველობის რეფორმიდან ერთ წელს პოზიტიურად აფასებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი. ჯუგაშვილის განმარავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი ახლა გამგებელია, მაგრამ საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილება მაინც დარჩა. მისი განცხადებით, რეფორმის ფარგლებში საკრებულოს სამუშაო და პასუხისმგებლობა მოემატა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ საკრებულოს შეუმცირდა უფლებამოსილება ააიპიებთან დაკავსირებით, რომელსაც მართავდა. არჩევნების შემდეგ რადგან გამგებელი გახდა არჩევითი თანამდებობა, მისი მმართველობის ხელში გადავიდა. საკრებულოს მოსახლეობასთან კომუნიკაციის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში პირდაპირ არის მოცემული მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურობაზე. თითქმის ყველა საკითხი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა გადაწყვეტილი“, – აცხადებს გელა ჯუგაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ამავე დროს სახელისუფლებლო კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაქარია ქინქლაძე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა და განვლილ ერთ წელს უარყოფითად აფასებს, თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. ქინქლაძე პირად საუბარში აცხადებს, რომ საკრებულოს რესურსის გამოყენება გაცილებით უფრო მეტად და უკეთესად შეიძლებოდა.
ნაციონალური მოძრაობის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი შაქრო ტერტერაშვილი კი ხელისუფლებას თავის ქების ნაცვლად რეალური საქმის კეთებას ურჩევს. მისი შეფასებით, ცვლილებები განხორციელდა არა უკეთესობისაკენ, არამედ უარესობისაკენ. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას რეფორმა დაგეგმილი არც კი ჰქონია. ტერტერაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ და შემდგომში ფურცელზე განხორციელებულ ე.წ. რეფორმას მიზნად მხოლოდ პიარი ჰქონდა და მის პრაქტიკულ ასპექტში განხორციელებას არც არავინ აპირებდა. მთავარი ოპოზიციური ძალის წევრი ამავე დროს საუბრობს ბიუჯეტის განკარგვის დროს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ ეგავლენაზე.
„ჩემი აზრით, წინა ხელისუფლების დროს სოფლის დახმარების პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობა არასაკმარისი იყო, ისევე როგორც პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები, თუმცა ყოველწლიურად შეინიშნებოდა მზარდი დინამიკა, როგორც თანხის მატების ასევე მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით. დღევანდელმა ხელისუფლბამ ეს პროგრამა შეინარჩუნა, თუმცა – ერთის მხრივ თანხის ზრდის დინამიკა შეაჩერა, ხოლო მეორეს მხრივ მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტი ერთგვარ შირმად აქცია. უფრო დეტალურად კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებული ამ პროგრამაში ე.წ. მოქალაქეთა ჩართულობის ფორმულა ასეთია – მმართველი პარტიის სოფლის ბელადი ადგილობრივ აქტივთან ათანხმებს თუ რის გაკეთება ხელეწიფებათ და მათთვის რომელი პროექტი უფრო მომგებიანია (და არა სოფელს რა ჭირდება), შემდეგ სოფლის კრების სახელით შეკრებავენ სოფლის პარტ-აქტივს და წინასწარ შეთანხმებულ პროექტს აფორმებენ სოფლის გადაწყვეტილების სახელით. რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვის მხრივ დამოუკიდებლობას. არ არსებობს საბიუჯეტო პროცესის არცერთი ეტაპი რომელიც გუბერნატორთან არ თანხმდებოდეს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან სავალდებულოდ შესათანხმებელი საკითხების ნუსხაშია -სახელფასო სარგოების დადგენა, პრემიების გაცემა, ქონების გასხვისება ან/და შეძენა, სამივლინებო ხარჯები და ა.შ. სამწუხაროდ ეს საკითხები არა არის ერთჯერადი ან ერთი მუნიციპალიტეტის პრობლემა, რაც ერთ მნიშვნელოვნად მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების მსგავს პოლიტიკურ ნებაზე“, – აცხადებს შაქრო ტერტერაშვილი.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის” – ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.