სოფელ კარდენახში 10-მდე ადამიანს ჯილეხი აღმოაჩნდა
ჯილეხი 10-მდე ადამიანს მეზობლის ოჯახში დაკლული ძროხის ხორცის მიღების შემდეგ აღმოაჩნდა. ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, მათ წყლულოვანი გამონაყარი კანზე ხორცთან შეხების მეორე დღესვე გამოაჩნდათ.
კარდენახში სადიზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ვეტერინარიის სამსახურმა უკვე დაიწყეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა ავალიანის განცხადებით, მათ ჯილეხით დაავადებული ხორცი მთლიანად გაანადგურა. ავალიანის ინფორმაციით, სოფელში საქონლის ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია. ის ამავე დროს მოსახლეობას სპეციალურ სასაკლაოებში დაკლული და ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის ყიდვას ურჩევს.
“ჩვენ შესაბამისი წესით გავანადგურეთ ხორცი. ეს საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მიმდინარეობს კარდენახში მყოფი ცხოველების ვაქცინაცია, რათა ეს ფაქტი აღარ განმეორდეს. მოსახლეობას მნიშვნელოვან რჩევას მივცემ. როდესაც დაინახავენ, რომ ცხოველი არის ავად და აგონიაში, ნუ დატოვებენ ასე. პირველ რიგში მიაქციონ ყურადღება სისხლის შედედება თუ ხდება”, – განუცხადა ტელეკომპანია “გურჯაანს” ლაშა ავალიანმა.
ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული, ანუ ანტრაქსი, ხუზარა — ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა. ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანი ავადდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანას ხელს უწყობენ სისხლსმწოველი მწერები.
ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს. დაავადებული ცხოველები შარდისა და ფეკალიების საშუალებით. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებს და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს. ჯილეხის მკურნალობა კომპლექსური ტიპისაა და მოიცავს სამ მთვარ ტიპს ესენია: სეროთერაპია, ქიმიოთერაპია და ანტიბიოტიკოთერაპია.