ახალი ამბები

დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ახალი, ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში

“საგადასახადო კოდექსში” შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე დამატებით აქციზის დაწესებას – საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით. 
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საუბარია გადასახდის იმ სახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.
“უნდა აღნიშნოს, რომ თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში საქართველოში აქამდე მოქმედი დაბეგვრის სისტემა და საგადასახადო ტვირთის გადანაწილება დისპროპორციულია. მაგალითად, აქციზის ტვირთი იაფასიან სიგარეტებზე დაახლოებით, 53.6 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ძვირადღირებულ ბრენდებზე, მაგალითად, “მალბოროზე”, დაახლოებით, 27.8 პროცენტია, “პარლამენტი” – 18.7 პროცენტი. ადგილობრივ წარმოებას არავითარი პრეფერენციები არ გააჩნია, პირიქით, არათანაბარ საგადასახადო ტვირთის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების კონკურენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენება მართლზომიერია”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, 1 ივლისიდან აქციზის გადასახადის ე.წ.შერეული სისტემის დანერგვა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.