ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მზია მაისურაძე გახდა

თესაუს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მისი პრიორიტეტი იქნება სტუდენტებისათვის სწავლის ქირის გადახდის გაადვილება, სტუდენტთა აღრიცხვისა და გამოცდის ჩაბარების ელექტრონული სისტემის დანერგვა. მისივე თქმით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და სამსახურის რეორგანიზაცია. 
„სამომავლოდ ძალიან ბევრი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ. უპირველეს ყოვლისა დავიწყებთ სტუდენტებისაგან სწავლის ქირის ამოღებას და მათთვის ამ პროცესის გაადავილებას. სხვადასხვა ბანკთან და საკრედიტო ორგანიზაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა სტუდენტებს გავუადვილოთ სწავლის ქირის დაფარვა და დავეხმაროთ შეღავათინი კრედიტის აღებაში. უნდა მოვაწესრიგოთ და დავნერგოთ სტუდენტთა აღრიცვისა და გამოცდების ჩაბარების ელექტრონული სისტემა. მეორე პრიორიტეტი იქნება სამეცნიერო კვლევების დაფინანსება და შესაბამისი გრანტების მოძიება. უნივერსიტეტში, ასევე, ვგეგმავთ რეორგანიზაციას, თუმცა ეს ძალიან მასშტაბური არ იქნება“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა. 
მზია მაისურაძის გარდა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 4 კანდიდატი: ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე თეგერაშვილი, კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ახალაური და თესაუს ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებელი, მაია კობახიძე. 
25 ივნისს აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს მზია მაისურაძის კანდიდატურა წარუდგინა. სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ერთი წევრი, მალხაზ ცირეკიძე. 
მზია მაისურაძე 2004-2011 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი იყო, 2014-2015 წლებში თესაუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2015 წლის 25 მაისიდან კი უმაღლესი სასწავლებლის კანცლერის მოვალეობას ასრულებს.
მზია მაისურაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.