ახალი ამბები

სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა

თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. ის უკვე საქართველოს მე-4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა. პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად უკვე რამდენიმე ახალგაზრდა წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი 16 და 18 წლის ორი ახალგაზრდა ნათესავებს დაუკავშირდა და ქვეყანაში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. პანკისელი მოზარდები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად „ჟღალი გენერლის“ დაჯგუფებაში ირიცხებიან. თავად ბათირაშვილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეჭვმიტანილთა „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. პანკისელ 19 წლის ბიჭს, გიორგი ბორჩაშვილს კი სირიაში წასვლას აიძულებენ წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან. 
ბორჩაშვილის განცხადებით, მან გაიცნო ის ჩეჩენი ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ. გიორგი ბორჩაშვილი განმარტავს, რომ მან საკუთარი პრობლემის შესახებ და მოსალოდნელი საფრთხის გამო ინფორმაცია შს სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ პანკისის ირგვლივ ხელოვნური ისტერიკაა შექმნილი.