ახალი ამბები

თესაუს PR-ის სამსახურის უფროსად ნინო კახაშვილი დაინიშნა

კახაშვილმა განაცხადა, რომ PR-ის სამსახური იმ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა უნივერსიტეტის ეს სტრუქტურული ერთეული. ნინო კახაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს 2005 წელსაც ხელმძღვანელობდა. ის ამჟამად თესაუს სოციალურ მეცნიერებთა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. კახაშვილი თელავის უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის ახლო მეგობარიცაა. 
თესაუს PR-ის სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდრგ გახდა ვაკანტური, რაც ნელი ცქიტიშვილმა პოსტი დატოვა. ცქიტიშვილის განმარტებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 მაისის დადგენილება, რომლის თანახმადაც პირს, რომელსაც სხვა უნივერსიტეტშიც უკავია აკადემიური თანამდებობა, არ შეიძლება თესაუში ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. ნელი ცქიტიშვილი თესაუსა და შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 
„თესაუს გარდა, მე ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აღმოჩნდა, რომ უნდა გამეკეთებინა არჩევანი. ამის შემდგომ, მივიღე გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა აკადემიური საქმიანობა ორივე უნივერსიტეტში და დავტოვე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა. ამასთან, ვაგრძელებ საქმიანობას თესაუს ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრში, რომელიც შეიქმნა ჩემი პროექტით. ახლა სტუდენტებს აქვთ ფინალური გამოცდები, ხოლო სასწავლო წლის დაწყებისთანავე მომავალ ჟურნალისტებთან ვიმუშავებ, რომლის სასიკეთო შედეგსაც, იმედია, იხილავთ“, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი ცქიტიშვილმა. 
ცქტიშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მზია მაისურაძეს შესაბამისი განცხადებით ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართა. თელავის უნივერსიტეტის კანცლერმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებას რეზოლუცია დღეს დილით დაადო. 2005 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელსაც 2006 წლიდან დღემდე ნელი ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.