პატრიარქი ყოველთა ქართველთა კონგრესის მოწვევის ინიციატივით გამოდის
ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ გააჟღერა საკვირაო ქადაგებისას, სადაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა. პატრიარქმა ბრძანა, რომ უცხოეთში მყოფი ქართველებს კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ, რომ მათი წინაპრები ქა არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან.
“დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე _ უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს – “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული… ქართველობა არ დაკარგონ? თუ ქართული სული დაიკარგა იმათში, ეს ადამიანები დაკარგულია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს? ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყონ ქართული ენა? ქართველი ადამიანი გვგონია ისეთი ძლიერი გენისა, რომ ის არ დაიკარგება, მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.