თელავში ავტომობილების სიჩქარის რადარები დამონტაჟდება
ავტომანქანების სიჩქარის რადარების დამონატაჟების ზუსტი თარიღი უცნობია.
„გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა საყოველთაო პრობლემაა. ამ საკითხთან მიმართებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ქალაქში განთავსდება კამერები და რადარები, რომელიც დააფიქსირებს ყველა სამართალდამრღვევს. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს საგრძნობლად გადაჭრის ამ პრობლემას. ქალაქში რადარების დამონატჟების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ შესათანხმებელია ტექნიკური საკითხები – რა თანხა დაჯდება, როგორ უნდა განთავსდეს ეს მოწყობილობა, სა უნდა იყოს მართვის პულტი და ა.შ.“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერის მოადგილემ აკა საჩიშვილმა.
თელავის საზოგადოებრივი დარბაზის გამგეობის თავმჯდომარის ჯუმბერ სახიაშვილის განცხადებით, ქალაქში მოქალაქეების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები. მისი განმარტებით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა თელავში რადარების დამონტაჟება.
„ფეხით ბევრს ვმოძრაობ. ხშირად შევსწრებივარ ძალიან დიდი სისწრაფით მოძრავ ავტომობილებს. იმ დროს მინატრია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დააფიქსიროს ეს შემთხვევა და დააჯარიმოს. უმეტესწილად იმ დროს არ ყოფილა პატრული. რადარები კი ყველას, ვინც სიჩქარეს გადააჭარბებს, დააფიქსირებს. ავტომობილების მძღოლებიც უკვე აღარ იმოძრავებენ დიდი სისწრაფით. ადრე ძალიან ბევრი ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა ავტომანქანით და უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა. იცით, რომ ნასვამი მძროლების მიმართ სანქციები უფრო გამკაცრდა და მათი გამოვლენაც მარტივი გახდა სპეციალური აპარატის მეშვეობით. ამჟამად მძროლების 99% ერიდება ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილებას. ამ რადარების დამონტაჟების შემდეგაც ასე იქნება და შედეგი თვალსაჩინო იქნება“, – განუცხადა Knews.ge-ს ჯუმბერ სახიაშვილმა.