ოპოზიცია გურჯაანში პოლიციის მიერ მამაკაცის ცემის ფაქტს ეხმაურება
შოშიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი, გიორგი კრაწაშვილი რამდენიმე თვის წინ უმოქმედობაში, ხოლო ამ უწყებაში მომუშავე პირები თავგასულ საქციელში ამხილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება უყურადღებოდა დატოვა.
შოშიაშვილის თქმით, დღეს პოლიციელების მიერ ჩადენილმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიციის უფროსი არაფერს აკეთებს ადამიანების უფლებების დასაცავად.
შოშიაშვილისვე ინფორმაციით, ბოლო დროს გურჯაანში გახშირდა ნასვამი პოლიციელების მიერ ადამიანების უკანონო დაკავება და ფიზიკური ანგარიშსწორება:
„გიორგი კრაწაშვილი იმ დროიდან, როდესაც მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის„ დროს თელავის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილედ, წარმატებით ახორცილებდა ადამიანების ფიზიკურ შეურაცყოფას და ნარკორტიკების ჩადებას. ამის გაგრძელების ნათელი მაგალითია ცოტა ხნის წინ გურჯაანში ზვიად კობიაშვილის უკანონოდ დაკავება და ახლა უკვე 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძის ცემის ფაქტი. „დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დაცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ დროული რეაგირება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით,“ – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.
შეგახსენებთ, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მეგობრებთან ერთად საკუთარი სახლის წინ იდგა. ახალგაზრდის ადვოკატის განცხადებით, იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე ინფორმაციით, ჭაბუკაძე ტვინის შერყევითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით გურჯაანის რაიონული საავადმყოფოშია მოთავსებული.