მთავრობა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე მუშაობს
პრემიერის განცხადებით, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს:
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მუშაობა დაწყებულია. რეფორმის დასრულების შემდეგ პენსიის რაოდენობა დამოკიდებული იქნება კერძო შენატანებსა და სტაჟზე,“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი შემდეგია: დასაქმებული ადამიანი საკუთარი ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას იხდის კერძო ან სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კი ის ამ დაგროვილი თანხის შესაბამის პენსიას იღებს.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს დღეს არსებული 20% საშემოსავლო გადასახადის გაზრდა.
მარიამ გეთიაშვილის თქმით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა უნდა ნებაყოფლობითი:
,,თუ მსურს, მქონდეს უკეთესი სიბერე, საშუალება უნდა მქონდეს ჩავერთო აღნიშნულ პროგრამაში. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი დაუსაქმებელია, როგორ შეძლებს მათი დიდი პროცენტი ვთქვათ შენატანის გაკეთებას?”, – აცხადებს იგი.
ექსპერტების განცხადებით, დაგროვებითი პენსია არის სისტემა, როდესაც ადამიანები ახალგაზრდობაში, ანუ დასაქმების პერიოდში ხელფასიდან და შემოსავლიდან ანარიცხებს აკეთებენ კერძო ან სახელმწიფო ფონდში. როდესაც დაუდგებათ მათ საპენსიო ასაკი, დაგროვილი თანხა გარკვეული პროცენტული დანამატებით უბრუნდებათ, როგორც პენსია.