თელავში ბატონის სასახლის და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
არქიტექტორებმა, რომლებიც აღნიშნული პროექტის მომზადებაში იღებდნენ მონაწილეობას, დამსწრე საზოგადოებას ისტორიული ძეგლების გადასარჩენად დაგეგმილი სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინეს
რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, პროექტის საჯარო განხილვების ციკლი არქიტექტორებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ხელისუფლების ინიციატივით შედგა. ფონდის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში.
,,ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული ის მასალები რომელიც სასახლის მშენებლობის პერიოდში, ასევე არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და ძეგლის იერსახე არ დაირღვეს.
კორექტირებული პროექტი მოიცავს სასახლის სახურავის თაღის ავთენტურობის შენარჩუნებას, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებული იქნება კირი, რადგან შენობაზე არსებული არტეფაქტები ადასტურბს, რომ თავდაპირველად სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირის მასალა იქნა გამოყენებული, ბატონის სასახლის სწორად რეაბილიტაციისთვის ზემოთ აღნიშნული ყველა დეტალის გათვალისწინება აუცილებელი ფაქტორია.
დაშვებული შეცდომების და ზემოთ აღნიშნული საკითხების გამოსასწორებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებისას ჩაერთო ყველა მხარე, რათა პროექტი გამართული ყოფილიყო. პროექტში გარდა ზემოთაღნიშნულისა მოხდა რიგი ცვლილებების შეტანა, კერძოდ: შენობაში საგამოფენო სივრცის დამატება, გამწვანება და ბეტონის ორნამენტების ქვევრის ტიპის ორნამენტებით შეცვლა,”- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტში ჩართული არქიტექტორების თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე დაიწყება სამუშაოები, რომლის დასრულებას 2016 წლის სექტემბერში ვარაუდობენ.