რეგიონებში ხეების მოვლასა და ფორმირებასთან დაკავშირებით დოკუმენტის განხილვა იწყება
დოკუმენტის მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი მდგრადობის გაუმჯობესება.
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დამკვიდრდება ერთიანი სტანდარტი ქალაქებში ხეების მოვლასა და ფორმირებასთან დაკავშირებით:
,,პროექტი მომზადდა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მწვანე ზონები და შევქმნათ ახალი მწვანე კუნძულები. მინდა ავღნიშნო, რომ დოკუმენტი დაეგზავნება ყველა მუნიციპალიტეტს განსახილველად. შემდეგ განვიხილავთ შენიშვნებს და მივიღებთ საბოლოო ვარიანტს. ნებისმიერ მოქალაქესა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვთავაზობთ აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტის განხილვის პროცესში”, – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.
მინისტრისვე განცხადებით, დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა.
პროექტისვე ფარგლებში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) განახორციელებს.