ახალი ამბები

თელავის თემში ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად 850.000 ლარი დაიხარჯება

მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად მუნიციპალიტეტმა წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 850.000 ლარი გაითვალისწინა:
,,850.000 ლარიდან სპეციალური ნაგავმზიდების შესაძენად გათვალისწინებულია 300.000 ლარი, ნაგვის ბუნკერების შესაძენად – 200.000, ნარჩენების შეგროვებისა და გატანის უზრუნველსაყოფად 260.000, ხოლო უკანონო ნაგავსაყრელების დასახურად 90.000 ლარი. სამწუხაროდ, აღნიშნული სახსრები არ არის საკმარისი ნარჩენების კონტეინერების შესაძენად, რაც აუცილებელია ნარჩენების შეგროვების მომსახურების არეალის გასაფართოებლად“.
თვითმმართველ თემში შეირჩევა ხუთი საპილოტე სოფელი, სადაც მოხდება მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა და შემდგომ ამ გამოცდილების სხვა სოფლებში გავრცელება. 
პილოტური პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის უპირატესობის დემონსტრირება ტექნიკური დახმარებით, თანადაფინანსების უზრუნველყოფითა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის გზით, ასევე ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით:
,,პროექტის ფარგლებში 75 ბუნკერს განვათავსებთ სოფელ ყარაჯალაში. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს დანარჩენ სოფლებშიც ბუნკერების დადგმა. სპეც.მანქანას სოფლებიდან ნაგავი კვირაში ორჯერ გააქვს. იმედი გვაქვს, რომ პროექტის ფარგლებში დამატებით მოგვცემენ 200 ბუნკერს, რაც მოგვიხსნის პრობლემას. წლის ბოლომდე უნდას დავასრულოთ ძველი ნაგავსაყრელების მოწესრიგებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა და გამოცხადდება ტენდერი”. 
შეხვედრას WMTR „ნარჩენების მართვის ტეგნოლოგიები რეგიონებში“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ინიციატივას ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს AssociationCityLinks პროგრამის ფარგლებში,CENN-თანერთად.
პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR) ხელს შეუწყობს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში კახეთში. პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში.