ახალი ამბები

მიწის დამუშავება გაძვირდა

ფერმერების თქმით, წელს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავების ფასი 130-დან 250 ლარამდე მერყეობს. ბონდო გოგლიძეს განცხადებით, 1 ჰექტარი მიწის დამუშავება შარშან 200 ლარამდე უჯდებოდა, მაგრამ წელს 50 ლარით მეტი დახარჯა:
,,მიწის დამუშავება 250 ლარამდე მიჯდება ყველა პროცედურაზე, მაგრამ ამ თანხაში არ შედის სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ღირებულება. 1 ჰექტარი მიწა მაქვს და წელს ხვნის ბარათით უნდა ავიღო 140 ლარი, რომელიც განკუთვნილია მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ეს თანხა გაწეულ დანახარჯებს ვერ ფარავს. მიწა რომ არ დავამუშავო, მეშინია, მამაპაპეული მამული არ ჩამომართვან. თუ სარწყავი სისტემა არ მოწესრიგდა და ასევე, გასაღების ბაზრები არ მოიძებნა, მიწის დამუშავებას ბევრი გლეხი ვერ შეძლებს და ჩამოართმევენ თუ ახალ კანონს მიიღებენ”, – განუცხადა knews.ge-ს ბონდო გოგლიძემ.
ჯერ-ჯერობით უცნობია დააკისრებენ თუ არა გლეხს ჯარიმას მიწის დაუმუშავებლობისთვის. ცნობილია ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც სანქცია 2016 წლამდე არ ამოქმედდება. ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი ასე ხსნის: თუ გლეხი მიწას ვერ ამუშავებს, მაშინ იგი კოოპერატივს უნდა მიაბაროს.