კახეთიდან თბილისის მიმართულებით კოლონები დაიძრა
კახეთის კოლონები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაჩერდებიან და მათთან ერთად გააგრძელებენ გზას. შეგახსენებთ, რომ აქციის მთავარ მოწოდებას მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა წარმოადგენს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, აქციას კახეთიდან 3000-ზე მეტი ადამიანი უერთდება:
,,ვისაც შესაძლებლობა აქვს, საკუთარი სახსრებით მოდის, ნაწილს კი ჩვენ ვეხმარებით, რომ ვუზრუნველყოთ მათი ტრანსპორტირება. კახეთიდან საპროტესტო აქციას მინიმუმ 3000 ადამიანი შეუერთდება. თუმცა, აქციაზე ცალკე წამსვლელეთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.”
200-მდე კოლონას “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის მაჟორიტარი, პარლამენტარი, გიორგი ღვინიაშვილი მოუძღვიან.
შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორების გეგმის თანახმად, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მხარდამჭერები ვარდებისა და კოლმეურნეობის მოედნებზე შეკრიბებიან, საიდანაც ფეხით მსვლელობას მოაწყობენ და შეუერთდებიან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას. აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.