თელავის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამებს წარადგენენ
აკადემიურმა საბჭომ უკვე დანიშნა რექტორობის კანდიდატების შეხვედრის გრაფიკი. რექტორობის კანდიდატები შეხვედრებს უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში გამართავენ. თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი, ირმა შიოშვილი თავის სამოქმედო გეგმას 18 მარტს, 12 საათზე წარადგენს. დღესვე, 14 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თეიმურაზ ქორთუა სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. 19 მარტს, 12 საათზე, თესაუს ყოფილი რქეტორი, პროფესორი, გიორგი გოცირიძე საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრებს, ხოლო ამავე დღეს, 14 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბესიკ სეხნიაიძე შეხვდება.
უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს ზუსტად ორ დღეში, 20 მარტს აირჩევს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას აასრულებს ირმა შიოშვილი, რომელიც აკადემიურმა პერსონალმა 2014 წლის 22 დეკემბერს აირჩია.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პირის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უმაღლესი სასწავლების რექტორს, ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. თავის მხრივ ღელაღუტაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ღელაღუტაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრმა უკანანო გადაწყვეტილება მიიღო და ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იმიჯისშემლახავი კამპანიის ნაწილია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.