ადგილობრივ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა
მაღაზიის გამყიდველების ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირების გამო მოსახლეობა იაფ საქონელს ყიდულობს:
,,ზოგიერთი დასახელების ზეთზე ფასმა თითქმის 1 ლარით მოიმატა. გაძვირდა შაქარიც, კომპანია “აგარას” მიერ წარმოებული 1კგ შაქარი თებერვალში 1.45 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 1.60 ლარია. ასევე, წინა თვეში თუ 2 ლიტრიანი ”კოკა-კოლა” 2.4 ლარი ღირდა, მარტში მისი შეძენა 2.7 ლარად არის შესაძლებელი. ფასებმა მოიმატა ალკოჰოლურ სასმელებზეც, ასევე ფასები გაიზარდა იმპორტირებულ სარეცხ საშუალებებზეც, მაგ: “ფეირი” 20 თეთრით გაძვირდა. ფასის მატება შეეხო პურსა და ფქვილსაც. პური 5, ხოლო ფქვილი 20 თეთრით გაძვირდა, მაგრამ ვთვლი, რომ საგანგაშოა “.
მოსახლეობის განცხადებით, ხარისხიანი პროდუქცია უხარისხოთი ჩაანაცვლეს ღირებულების გამო:
,,უარი ვთქვი იმპორტირებულ პროდუქციაზე, რაც გაძვირებულია და ვყიდულობ იმ ქართულ პროდუქტს, რომელიც იაფია. მიუხედავად ჩემი ბევრი მცდელობისა, გასავალი რომ დავთვალე, თვეში 50 ლარით მაინც გამეზარდა დანახარჯი. მოიმატა ფასმა შაქარზე, კვერცხზე, გაყინულ ხორც-პროდუქტებზე, ქათმის ფილეზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე. მაგალითად, წიწიბურა 2 ლარი ღირდა და ახლა მისი ღირებულება 2,40 ლარამდე აღწევს. ქათმის და ხორცის ფილე 1 ლარით არის გაძვირებული. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც ხშირად ვყიდულობ”, – ამბობს ნანა თევდორაშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში, 2014 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 1,4 პროცენტია.