თელავის მერია ქალაქში ტურისტების მოზიდვის გეგმაზე მუშაობს
ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 40 %-ით შემცირდა.
აღნიშნულ საკითხზე ყურადღება პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ქალაქების მერებისა და მუნიციპალიტეტების გამგებლების შეხვედრაზე გაამახვილა. პრემიერის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის მიცემულ დავალებაში ერთ-ერთი საკითხი საკურორტო სეზონისთვის მზადებას ეხება.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, უწყების მიერ შესწავლილია ქალაქის ტურისტული პოტენციალი და მუშაობს ამ კუთხით რათა თელავი ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდეს:
,,აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის მიმართულებით, ამ მიზნით გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა საელჩოებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერთან შეხვედრა. მიხარია, რომ თელავი დასახელდა ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქად. ვთვლი, რომ აღნიშნული წარმატება მოიტანა ჩვენს მიერ სწორად დასახულმა პრიორიტეტებმა“.
ტურისტულ სააგენტოები კრიზისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაცვლელია მიდგომა ტურისტებთან და საერთოდ, ტურისტულ ბიზნესთან მიმართებით. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში გადახდისუნარიანი ტურისტები ფაქტობრივად აღარ შემოდიან.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 4 მილიონ 657 ათას 525 ტურისტი შემოვიდა.